„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობას. მისი განცხადებით, ხელისუფლება აკვირდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული.
მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.
„საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე სამი კვირაა დარჩენილი. მანამდე ჩვენ უნდა დავაკვირდეთ დინამიკას და ამის მიხედვით განისაზღვრება ის თუ რამდენად იქნება საჭირო ამ ვადის გაგრძელება. გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც გვექნება 22 მაისისთვის. ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებით საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, იმ პერიოდისთვის არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ 22 მაისის შემდეგ შეზღუდვების მცირე ნაწილის დატოვება მაინც საჭირო იქნება, მაშინ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება საჭირო იქნება.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკითხი 29 თუ 26 მაისს, გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შემცირებული იქნება რისკები, რამდენად იქნება შესაძლებელი აბსოლიტურად ყველა შეზღუდვის მოხსნა. თუ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის შემდეგაც შეზღუდვების მცირე ნაწილის დატოვება მოგვიწევს, ამისათვის შეიძლება საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაც დაგვჭირდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.